X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სივრცის დაგეგმარების საკითხებზე ილუსტრირებული გზამკვლევი შემუშავდა

9 ოქტომბერი 2020


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  მხარდაჭერით „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ ილუსტრირებული გზამკვლევი/სახელმძღვანელო შემუშავდა. 

თელავში, ამ დოკუმენტის გაცნობის მიზნით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ კახეთის მხარის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. 

ღონისძიებას, რომლის მიზანი იყო, ერთიანი საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების წარმომადგენლები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა ჩართულობით, გამოითქვა საინტერესო წინადადებები ილუსტრირებული გზამკვლევის გასაუმჯობესებლად და საბოლოო სახით შესამუშავებლად.  

გზამკვლევში თავმოყრილია 2019 წლის 3 ივნისს ამოქმედებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-თ  და მისი ქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სივრცითი დაგეგმვისა და განაშენიანების მართვის მარეგულირებელი ნორმების განმარტებები და ილუსტრაციები. 

რეფორმით დაინტერესებულ პირებს  დოკუმენტი დაეხმარება კანონმდებლობის  უფრო გამარტივებულად გამოყენებასა და  იმპლემენტირებაში.